top of page

ლექსად ნაქსოვი

  • Writer: Anna Bakradze
    Anna Bakradze
  • Apr 30, 2024
  • 2 min read

ერთობა გაიბზარა.

ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი წინასწარაა გათვლილი.

თუმცა არ მგონია.

ასეა.

სანამ ჩვენ თვალებში ვუყურებთ მოსაუბრეს და გულწრფელობის ტესტს ვატარებთ,

სანამ ვირჩევთ ვის დავუჯეროთ,

ვინ უფრო სუფთაა,

ვინ დაგვიცავს,

ვინ გაგვამდიდრებს,

ანუ ვის გავყვეთ ბრმად.

სანამ ვყოყმანობთ,

სანამ გვეძინება,

სანამ ვჭამთ,

მერე ყავას ვსვამთ…

ამასობაში ქართული ბუნება ზედმიწევნით დეტალურად შესწავლილია და მარტივად მართვადი.

უზარმაცესი ერი ვართ.

ფიქრიც კი გვეზარება,

კითხვაც!

მსჯელობაც!

თავი გვისკდება!

გვირჩევნია სხვამ იფიქროს ჩვენ ნაცვლად.

იმან წაიკითხოს და მოკლედ გვითხრას კარგია თუ არა.

ჩვენ კიდევ იმას დავუჯეროთ.

ისე გვინდა დავუჯეროთ,

რომ მზად ვართ გავაღმერთოთ,

თავი გავწიროთ,

ოღონდ არ გავიგოთ,

რომ გვატყუებენ.

არ გვინდა ამის დაჯერება და იმიტომ.

მშიშრები ვართ.

სიკვდილამდე ვიბრძვით, მაგისი არ გვეშინია.

მაგრამ სიმართლის გვეშინია. ყველაფერს ვეპოტინებით.

მიწაში თავჩარგულები ვიბრძვით,

ან არც ვიბრძვით

და თავს ვიკატუნებთ,

რომ ფეხებზე გვკიდია.

მთავარია არ ვაღიაროთ,

რომ ტყუილად ვიბრძვით,

რომ შეგვეშალა,

აჰ არა.

რა სისულელეა!

სიახლის გვეშინია,

გადაგვარების.

არადა ცუდი ამბავი მაქვს,

მაინც გადავგვარდებით.

მოგვწონს თუ არა.

როგორი მწარეც არ უნდა იყოს.

ასეა.

როგორც შეცვალა წინა საუკუნემ იმისი წინა

და როგორც გადააგვარეს ჩვენმა წინაპრებმა მათი წინაპრები.

ზუსტად ისე.

მაგრამ ახლა არ გავტყდებით,

რომ დავიცვათ ჩვენი პოზიცია,

რომელიც ღირსება გვგონია,

ჩვენი პირადი სიმართლე,

პირადი სიმპათიები

და ანტიპათიები,

რომელიც სიმართლე გვგონია.

ჩვენი მეგობრების,

ჩვენი თაობის,

ჩვენი დროის უკვდავება,

წარსულის უკვდავება,

რომელიც სერიოზულად

უკვდავი გვგონია.

გადავეკიდეთ მკვდარ მწერლებს, პოეტებს, მეფეებს.

ისე გადავეკიდეთ, რომ

ოდნავ ვერ ვგრძნობთ, რომ საფლავებიდან ამოღებული გვამებით არ გაგრძელდება სიცოცხლე, რომელიც გვიყვარდა.

გადავეკიდეთ ტრადიციებს,

როგორც როდესღაც საკლავებს კლავდნენ მოსალოცად და ამტკიცებდნენ თავის სიმართლეს.

როგორც ხანჯლის და მანდილის ტარება იყო როდესღაც ღირსება.

როგორც ქალს შარვლისთვის, თამბაქოსთვის და განქორწინებისთვის აფურთხებდნენ და ქოლავდნენ და ამ სიწმინდეს აკლავდნენ თავსაც და ერთმანეთს.

გადავეკიდეთ სარწმუნოებას.

გარხორციელებამდე გადავეკიდეთ.

ხილულამდე დავიყვანეთ.

ფაქტებამდე და მტკიცებულებამდე,

მოთხოვნებამდე!

ჭკუის სწავლებამდე!

ცხვირში შეტენვამდე!

ყელში ამოსვლამდე დავიყვანეთ და ჩვენივე ხელით გავანადგურეთ…

სარწმუნოება ერთობის წინააღმდეგ დავაყენეთ და მოკლე ჭკუის მოკლე ფიქრით გადავწყვიტეთ, რომ ერთობა რამენაირად მტერი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ერთობა -

ერთ მუშტად დგომა,

სხვადასხვა ფერების,

ზომების,

გვარების,

მისწრაფებების,

შეცოდებულების,

და ჩვენი - უშეცდომოების,

რომლებიც კი ვცოდავდით,

ვის არ შეუცოდავს,

მაგრამ ამას არ ვყვიროდით!

არ ვაღიარებდით!

და ვიცავდით სიწმინდეს…

ყველასთან გვერდით დგომა

არ გვიკადრებია.

ვერ გადავწონეთ ამპარტავნება.

არა. არასსოდეს!

ვერც წარმავალობას ჩავხედეთ თვალებში,

გარდაუვალი ახლების და სხვანაირების მოსვლას,

რომლებზეც ვგიჟდებით

თუ ძირძველს ადიდებენ…

ჩვენივე ხელით მოვკალით ერთობა,

რომელსაც შეეძლო ყველაფერი,

და გარანტი იყო მშვიდობის.

კარგად გვიცნობენ.

ისე გვაბრიყვებენ, რომ გმირებად მიგვაჩნდეს თავები,

ახალგაზრდობის რომანტიზმის ილუზიებით გაბრუებულებს უკანასკნელ წვეთამდე გვათმობინებენ და ჩვენივე სიტყვებით გვაზიზღებენ ერთმანეთს.

ასიათასჯერ მოტყუებულები, გაყიდულები და გაცურებულები,

მკვდარი პოეტების დედანატირები პოეზიით ვღაღადებთ, სიმართლის თქმასაც რომ ვეღარ ბედავდნენ

და ქსოვდნენ ლექსებად

თავიანთ შეცდომებს,

და გვაფრთხილებდნენ

ახალ თაობებს.

ჩვენ კიდევ ამ პოეზიით ერი-მადლიერი,

ვღაღადებთ და ჩვენი ფეხით ისევ იმავე მყრალი ჭაობისკენ

მივაბიჯებთ უდრეკად,

თავდაჯერებით,

ღირსეულად,

ერთმორწმუნე,

გარყვნილი,

გაუბედურებული,

წუმპისკენ.

ამაო სიკეთის იმედით

იარაღდამიზნებული

ბრიყვული მეგობრობის,

მონური თანამშრომლობის მათთან,

ვინც ახალდაბადებულ სიცოცხლეს სამხედრო ერთეულად ითვლის!

არაფერია ახალი.

ძველადაც ასე იყო,

დიდად საამაყო წარსულში.

მაგრამ ეს უკვე შეცდომა აღარ არის, უკვე არჩევანია.

დღევანდელი

იგივე,

მცდარი არჩევანი.

და არა იმ საცოდავი უწყლო, მშიერი სოფლელების, სხვა დროს რომ ფეხებზე ჰკიდია ყველას და გამორეკეს არენაზე ყველას დასაცინად, რომ რამენაირად ჩაატარონ ეს მახინჯი ცირკი,

არამედ დანარჩენების,

თავს რომ უწოდებენ ინტელიგენციას

და არაფრით არ სჯერათ...

საკუთარი შვილების.




 
 
16177510_10212387927240263_3183456467487240242_o.jpg
bottom of page