top of page

მერიკო

  • Writer: Anna Bakradze
    Anna Bakradze
  • Jan 21, 2024
  • 2 min read

Updated: Apr 5


მერიკო დედას კარის მეზობელი იყო ძველ ბინაში რომ ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო მეგობრების ბავშვებს რომ ასეირნებდნენ და უვლიდნენ. მერიკოს იმ დროს გაუთხოვარი ეწოდებოდა. თვითონ ამბობდა არაფერიც, გასათხოვარი ვარო. ამასობაში დედას ეხმარებოდა სანამ ის ლექციებს კითხულობდა და მთელ დედობრივ სიყვარულს ჩვენზე ანთხევდა, გვართობდა, გვაჭმევდა და გვაძინებდა. ჩვენც უსინდისოდ მივირთმევდით. თუ სადმე ტელეფონს ვნახავდი, ყურმილს ვიღებდი და მერიკოს ვურეკავდი. სულ იცინოდა, სულ ხუმრობდა და არაფერზე უარს არ ამბობდა. არც მე მქონდა საზღვარი, კალთაში ვეჯექი, თმებს ვუჩეჩავდი, აი სურათზე რომაა იმ საყურეებს მოვხსნიდი-ვუკეთებდი დაუსრულებლად, ხელებით ლოყებს ვუსრისავდი და ვუტყაპუნებდი. ის კიდევ ქაქანებდა, ქოთქოთებდა და ყოველთვის ბედნიერი და კმაყოფილი იყო. ასაკით დედაზე პატარა იყო და ამბობდა ვგიჟდები დედაშენზე ასეთი რომაა, სტიმულს მაძლევსო.



ერთხელაც მერიკოს ვიღაც კაცი შეუყვარდა. სულ ყავას ადუღებდა, შიგ იყურებოდა, ასოებს ეძებდა და რომ იპოვიდა “ის” ამომივიდაო წამოიყვირებდა, იცინოდა და ღიღინებდა მთელი დღე. მაგრამ ხანდახან სამზარეულოს კარს უკან მიმაბრძანებდნენ და ხმადაბლა დუდუნებდნენ, რომ ბავშვებს ყური არ მოგვეკრა. ყურმიდებული ვუსმენდი, რომ გამეგო, რატომ იყო ხანდახან მერიკო ასეთი სხვანაირი.


- მოჯადოებული ჰყავს, არავისი არ ესმის.. გეგონება ამ ქვეყანას არ არის. - გავიგე ერთხელ მისი ძალიან მოწყენილი ხმა.



მერიკოს მეგობრები ერთხმად ურჩევდნენ ყოჩაღი ყოფილიყო. არ ვიცი რას ნიშნავდა ეგ სიყოჩაღე, მაგრამ იმ კაცთან სახლში სიარული მაინც დაიწყო, ჩვენს ნაცვლად. უვლიდა, ურეცხავდა და საჭმელს უმზადებდა. დიდხანს ემსახურა ასე, სანამ ერთ დღესაც არ გათხოვდა და ჩვენც უცებ გავიზარდეთ. ათასში ერთხელ შემხვდებოდა ჭაღარა, დაღლილი და გატეხილი. არ ვიცოდი ვინ იყო “ის”, არასდროს მინახავს და არც არაფერი მსმენია, მაგრამ მძულდა. ისე მძულდა, რომ თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მიმეხალა, მაგრამ მესმოდა, რომ არც მე და არც არავის არაფერი შეგვეძლო.



პანაშვიდზე მოვიდა ერთხელ, მე და თამუნას შორის დაგვიჯდა და ყოჩაღები იყავით გოგოებოო, გვითხრა. მერიკო, ისე ძალიან მიყვარხარ, მგონი არასოდეს აღარ გამივლის-მეთქი. მგონი შენს მეტი არც არავის ვუყვარვარო.. - ეეე! გაბრაზდა თამუნა. გაგვიცინა ცოტა ძველებურად, მუხლებზე გვიჩქმიტა ორივეს როგორც ადრე და წავიდა.


ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

ტკბილი და საყვარელი ჩვენი მერიკო...



 
 
16177510_10212387927240263_3183456467487240242_o.jpg
bottom of page