ჯადოსნური ტყე
- Anna Bakradze
- Oct 9, 2024
- 1 min read
ზეკარის შუაგულ ტყეში პატარა მდელო იყო, რომელზეც წრეზე პატარა ხის ქოხები იდგა. ირგვლივ უზარმაზარი ნაძვებით იყო გარშემორტყმული ისე, რომ ქოხის ერთ მხარეს ფანჯრიდან მდელო ჩანდა, მეორე მხრიდან უღრანი ტყე. ტყის ნაპირზევე ხეებზე დათვის თათების კვალი ეტყობოდა და ღამით უცნაური ხმაური ისმოდა სიღრმეებიდან.
დღისით ქოხის მაცხოვრებლები თავისთვის ფუსფუსებდნენ, ისვენებდნენ და საქმიანობდნენ. საღამოობით, ვიდრე ძილის დრო მოვიდოდა, კარს კეტავდნენ, რომ სახლში რომელიმე ცხოველი არ შესულიყო და ერთად იკრიბებოდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ, იცინოდნენ და მღეროდნენ, რომ ნადირი დაეფრთხოთ. როგორც კი შებინდდებოდა ჰაერში ოქროსფერი წერტილები ჩნდებოდა, რომლებიც მრავლდებოდნენ და მოძრაობდნენ. ერთმანეთში ისე ირეოდნენ, რომ თვალს ვერ გააყოლებდი, ტყიდან გამოდიოდნენ და ახლოს მოდიოდნენ. ადამიანებს შორის ირეოდნენ და არ თავდებოდნენ. სანამ დიდები ისხდნენ, ბავშვები ბრჭყვიალებს დასდევდნენ და ხელის გულებში იქცევდნენ, მერე მინის ჭიქებს ავსებდნენ და სახლის გზას ასე ინათებდნენ. კარს რომ მიაგნებდნენ ჭიქას კიბის საფეხურზე დგამდნენ და თავს მოხდიდნენ. იქიდან ერთიანად ამოიფრქვეოდნენ პატარა ოქროსფერი წერტილები და ისევ ირეოდნენ ჰაერში.
გავიზარდე და მთელი ცხოვრების მანძილზე უფრო შთამბეჭდავი არაფერი მინახავს.
