
სასწაული ჰაერია სიონში. მთებიდან ჟონავს ჟანგბადი. საღამოებია ისეთი, არც ქარი იცის, არც სიცხე. მარტო ცაში შეჭრილი ალვების შრიალი და შენი სუნთქვის ხმა გესმის. ბალახებიდან იმის ყურებას ფეხის გულებამდე შეუძლია გაგაშეშოს.
იქ ცხოვრობს ერთი ქალი, გულო. თავის გარმონს რომ გადმოიღებს და “თუ ასე ტურფას” შემოსცხებს თავისი ვარდისფერპომადიანი ტუჩებით, მთის წყაროსავით ანკარა წკრიალი თუ არ ისმოდეს მე ვიყო რაზიკაშვილების პირდაპირი შტო.
გულოსთან დილაობით სოფლის ქალები შემოლაგდებოდნენ ხოლმე ეზოში ყავაზე, ვიდრე ოჯახის საქმეებს შეუდგებოდნენ ქანცის გაწყვეტამდე. გულო ნამცხვარს ახვედრებდა. მე კიდევ მიყვარდა დილაობით ჰამაკში წერა, ვიდრე ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ.
ერთხელ ჭიშკართან ვიღაც ბიჭი გამოჩნდა ატუზული. გახედეს ქალებმა და მოდი მოდი არავინააო, ხელი დაუქნიეს. ისიც შემოვიდა. გულოს რაღაც ჩასჩურჩულა. რომ დამინახა უცხო, მორიდებით ჩამოჯდა იმ სკამზე, სადაც მიუთითეს. ცოტა ხანს იჯდა ქალებში, გულომ რაღაც გამოუტანა სახლიდან და მალე ისევ მოჩვენებასავით გაქრა ეზოდან. ყველა რომ წავიდა გულოს ვკითხე, ის ვინ იყო-მეთქი? - ქალაჩუნობის გულიზაა გაგდებული სოფლიდანო.
სიონის დამსვენებლები ტბაზე დადიოდნენ. ტბას ეძახიან, მაგრამ უშველებელი ბეტონის ორმოა, რომელშიც წყალიც ასხია. ხიდიდან თუ გახედავდი კიდევ ხო, მაგრამ რა ვქნა, ვერ გავიგე იმ სანაპიროს მუღამი, ლამაზი კი არა შემზარავია.
სამაგიეროდ სიონს რომ გასცდები, მდინარის ხეობაში, მთის ფერდობზე ტერასებად დამუშავებული ბაღი მოჩანს უცნაური მცენარეებით და ყვავილებით გადაჭედილი. შორიდანაც მოჩანდა ტირიფის ქვეშ მოწყობილი კუთხე სკამებით, სადაც ალბათ იჯდა ხოლმე დაღლილი მებაღე, სულ მარტოდმარტო.
Illustration: Stefan Zsaitsits