მიზეზი

ჩემი თითები ძერწავენ ფორმას, მე კი ჩუმ-ჩუმად ვჩურჩულებ, ღმერთო, მომეხმარე. ღმერთს, რომელმაც შექმნა სამყარო და იფიქრა ვაშლზეც, რომელიც კანმა თუ არ დაიცვა, არ გაიზრდება და მზის სისტემაზეც, რომლის ირგვლივ მბრუნავ დედამიწას ატმოსფერო შემოაკრა გადასარჩენად, ვთხოვ მე, რომელიც არც კი ვჩანვარ გალაქტიკაში, ჩემს თითებს მიეცეთ ძალა და უნარი.
როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლე ასეთი მნიშვნელოვანი იყოს მეორე ადამიანისთვის, როცა სამყაროში მუდმივად კვდებიან და იბადებიან… და ეს არაფერს ცვლის თუნდაც ჩვენს გალაქტიკაში.
როგორ შეიძლება ასე მტკიოდეს ჩემი წარმავალობა, თუ დაბადებიდან განწირული ვარ დასასრულისთვის.
როგორ შეიძლება ვერაფრით ვეგუებოდე ამ უმნიშვნელობას, თუ ერთი მტვრის ნაწილაკად გადაქცევისთვის ჩამბერეს სული… შეუძლებელია.
და როცა ვფიქრობ ამ კავშირზე, მახსენდება ძაბრი, რომელში ჩახსმული წყალიც ერთი მხრიდან სულ წვრილად გამოდის, მეორედან შეიძლება ასხამდეს ათასი მიმართულებით.
ან საწური, რომელშიც ჩაედინება ერთი მთლიანი მასა, როგორც სიცოცხლე და წვრილ, მრავალ ერთეულად გამოედინება. მერე კი შადრევანივით ერთ მასაც იქცევა და ასე დაუსრულებლად.
მაგრამ ყველაზე მეტად ბინოკლი მაოცებს. ერთსა და იმავე მანძილზე, ერთი და იგივე ზომის ფიგურა როგორ იცვლის გამოსახულების ზომას სფეროსებური შუშის გამოყენებით. იქნებ ჩემი უმნიშვნელოდ ჩუმი, წარმავალი ხმა, სინამდვილეში არც ისეთი ჩუმია, როგორც მე მესმის ჩემი მხრიდან და იქნებ ჩემი უმნიშვნელოდ პატარა თითებით იძერწება რაღაც იმხელა, რაც სამყაროს მეორე ბოლოს ტოლია…
და იქნებ ეს შუშა არ არის ატმოსფერული შრეები, რომელთა მონაცემები ციფრებით აღინიშნება. იქნებ ამ ბინოკლს ჰქვია მიზეზი. როგორც ყვავილს მნიშვნელობას აძლევს არა ფერი ან სუნი ან ზომა ან ფასი, არც დრო, რომელიც მის მოვლაში დაიხარჯა, არამედ მიზეზი მასზე დაუსრულებელი, თავგანწირული, მრავალი ფორმით და ხერხით მოფიქრებული ზრუნვის.
ამიტომ რას ძერწავენ ჩემი ხელები სინამდვილეში უმნიშვნელოა, მაგრამ მიზეზი ამ ძერწვის მილიონი შუშის გავლით აღწევს გალაქტიკების მიღმა, სადაც ეს ჩურჩული ქარის ზუზუნივით ისმის, ვიცი.





