top of page

   ერთი შეხედვით, თანამედროვესგან რადიკალურად განსხვავებული პირველყოფილი ადამიანი, თავისი ინგრედიენტებით - ემოციებით და მისწრაფებებით, შეიძლება იდენტურიც არის დღევანდელის. დაბადებისას მას არ დახვედრია მთავარი ამოცანის - თვითგადარჩენის, მილიონობით ინფორმაციის მიღების, საკუთარი იდენტობის შეგრძნების და წარმოჩენის ასე გამარტივებული, ტექნოლოგიებით დატვირთული გარემო. მის წინაშე გადაშლილია მხოლოდ ბუნება - ცა, მიწა, წყალი, მცენარეები, ცხოველები.
   
    მაგრამ მთავარი მისწრაფებით - ეძებოს, მისწვდეს და ეზიაროს მარადიულ ჭეშმარიტებას, რომელიც მიანიჭებს ზებუნებრივ ძალას - მოახდინოს ზემოქმედება იმაზე, რისი შეცვლაც ერთი შეხდვით მას არ შეუძლია, რომ გახდეს ყოვლისშემძლე და ნამდვილი ბატონ-პატრონი ქვეყნიერების, ის ჩვეულებრივი ადამიანია. 
ამიტომ ხუჭავს თვალებს და ნებას აძლევს გონებას, წარმოსახვას მისწვდეს მას, ვისაც ამ გზაზე მისი დახმარება შეუძლია, ვინც მასზე ძლიერია, ვინც განაგებს ამინდს, სტიქიებს, ავადმყოფობას და მას, ვის არსებობაშიც ის უცნაურად დარწმუნებულია. 

 

    სხვა არსებებისგან განსხვავებით, ახალდაბადებულ ადამიანს წლები სჭირდება, რომ დამოუკიდებლად არსებობა შეძლოს. ესეთი ხანგრძლივი მიჯაჭვულობა მუდმივ მიჯაჭვულობას განაპირობებს, მუდმივი მჭიდრო თანაცხოვრება კი მეტყველების, კომუნიკაციის განვითარებას. აზროვნებისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომელთაც უცნაური და ყველასგან გამორჩეული - სამყაროზე დომინირების დაუოკებელი ინსტინქტი ერგოთ წილად, რაც ასევე სხვებზე, ბუნებაზე ზრუნვაზე, პასუხისმგებლობის განცდითაც ვლინდება, იწყებენ მოცემული პრობლემების გაანალიზებას, მსჯელობას, კვლევას და საკუთარი ქმედებების ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებას, ეძებენ თანხვედრას, იმეორებენ ეფექტურ მოქმედებებს, ჯგუფურად მიმართავენ თხოვნით მათზე უზენაეს ძალას დახმარებისთვის, ეძახიან, აბრახუნებენ, მღერიან, ცეკვავენ, იღლებიან მისთვის და ჩუქნიან, იმეტებენ ყველაზე ძვირფასს, რომ დაუმტკიცონ ერთგულება, გამორჩეული სიმამაცე და ღირსეულობა. ისტერიაში გადასული მუდარა, რომელიც ხსნის სხვა ცნობიერ განზომილებას, რაც უხილავ ძალებთან კავშირის შეგრძნებას იწვევს, როგორც წარმატებული მცდელობა განმეორებად სახეს იღებს და საბოლოოდ რიტუალად ყალიბდება. როგორც უხილავ ძალებთან დაახლოებული ერთეულები, ადამიანთა ჯგუფებში იწყება რჩეულების გამოვლენა. ისინი, როგორც ორი სამყაროს შორის კავშირის დამამყარებელი, პასუხისმგებელი პირები, იწყებენ ზრუნვას, მტყუან - მართალის გარჩევას, წესების დამტკიცებას და დგებიან უფრო მაღალ საფეხურზე, როგორც წინამძღოლები, რომელთა სიტყვაც, როგორც ღვთაებრივი და უტყუარი, გადამწყვეტია. ალბათ ეს ის მომენტია, როცა ადამიანებს პირველად უჩნდებათ სურვილი და მოტივაცია, რომ იზრუნონ საკუთარ პიროვნულ წარმატებაზე, მიბაძონ, დაემსგავსონ, ან სულაც დაიკაონ მმართველის ადგილი და იწყება ჯერ კიდევ დაბადებამდე, ჩასახვამდე თანმდევი ინსტინქტის მოქმედებაში მოყვანა, რაც მოგვიანებით მოიცავს და შექმნის კაცობრიობის ისტორიას, რომელიც ხან ინდივიდუალურად გამოვლინდება, ხან კი მრავალი ასეთი ჯგუფისგან შემდგარი სახელმწიფოების, იმპერიების დაუნდობელ ომებით - ბრძოლა პირველობისთვის.  
 
   თუმცა ადამიანს კიდევ ერთი ინსტინქტი ახლავს, რომელიც ასევე ყოველთვის იყო მისი თანმდევი. ის ყოველთვის აღიქვამდა მშვენიერებას, ბუნებაში, მცენარეებში, ადამიანურ ფორმებში, ცხოველურ ორნამენტებში, მათ მოძრაობებში, დინამიურობაში, და ცდილობდა მიბაძვას, გამეორებას, თავისი ხელით შექმნას, სხეულების მოხატვას, გაფერადებას, გაფორმებას. ის თვითონ ხდებოდა შემოქმედი, რაშიც დიდი თუ პატარა მნიშვნელობების მიღმა, პოულობდა უსასრულო სიამოვნებას

Door.png

გამოიწერეთ

ყოველი ნაბიჯი

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter

და მიიღეთ ინფორმაცია ყოველი ახალი კარის გახსნისას სოციალური ქსელების სიახლეების ველში, სადაც შეგიძლიათ ​თითოეულ სტატიაზე გამიზიაროთ თქვენი აზრი, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

bottom of page