SemoqmedebiT garRveuli kedlebi
ადამიანის რწმენის შესახებ პირველი ცნობები უძველესი, გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული ნახატებით იწყება. კლდეებზე უცნაური გამოსახულებების კვლევისას, მათი შინაარსის დასადგენად უამრავი აზრი გამოითქვა, თუმცა ძირითადად რამდენიმე თეორია ჩამოყალიბდა:
1
xelovneba xelovnebisTvis
Art for
art's sake
ეს ფრაზა მე-19 საუკუნის ლოზუნგიდან მოდის. ასე უწოდეს მიმდინარეობას, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილი ხელოვნება დამოუკიდებელია. ყველანაირი სოციალური ფასეულობებისგან, მორალური სწავლებისა, თუ პოლიტიკური აგიტაციისგან, რომ ხელოვნება არა უტილიტარული, ანუ ყველასთვის სიკეთის მომტანი, არამედ აუტოტელიკური, ანუ თავისთავად სრული კონცეფციის მატარებელი პროცესია.
ამ თეორიით უძველესი ნახატები გამოქვაბულებში მხოლოდ მიღებული შთაბეჭდილებების გამოხატულებაა, ან გამყინვარების მძიმე პერიოდში, გამოქვაბულს შეფარებული ადამიანების ნუგეშის მომცემი საქმიანობა, რომლებიც
ცივ და ბნელ ადგილას ოცნებობდნენ ნადირობაზე.
2
struqturuli anTropologia
ანთროპოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის წარმოშობას, მის ევოლუციას, ასევე ადამიანთა რასებს, მათ ტრადიციებს და კულტურას შეისწავლის.
სტრუქტურალიზმი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც მეცნიერული კვლევის ამოცანად ობიექტის სტუქტურის დადგენას მიიჩნევს. ეს არის რწმენა, რომ ადამიანის ცხოვრების ცალკეული ელემენტების გაგება შესაძლებელია მხოლოდ მათი ურთიერთდამოკიდებულებით, მათი სტრუქტურის აგებულებით და რომ ხილული ნიშნების და მოვლენების მიღმა დგას უხილავი მოვლენების სტრუქტურა, რაც განაპირობებს ამა თუ იმ ქმედებას, ან ელემენტს.
სტრუქტურული ანთროპოლოგია არის ანთროპოლოგიული მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა კულტურა დაფუძნებულია ერთ საერთო სტრუქტურაზე, რომელიც განსხვავებულად ვლინდება ნიშნებით და სხვადასხვაგვარი რასებისთვის შესაფერისი ელემენტებით. ამ მიდგომით, ადამიანური კურტურის ელემენტების სტრუქტურა, საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ადამიანები ფიქრობენ, აკეთებენ, აღიქვამენ და გრძნობენ.
ანდრე ლეროი-გურჰანის და ანეტ ლამინგ-ემპერერის თეორიების მიხედვით, გამოქვაბულებში წარმოდგენილი ნამუშევრები უხილავი, აბსტრაქტული სტრუქტურის მხოლოდ ნაწილს, ხილულ ელემენტს წარმოადგენს და მათი სრულყოფილი მნიშვნელობის დადგენა მხოლოდ წარმოდგენილი ნიმუშებით შეუძლებელია.
ანდრე ლეროი-გურჰანი
(1911 – 1986წ.)
ანდრე ლეროი-გურჰანი, არქეოლოგი, პალეონტოლოგი, პალეოანთროპოლოგი და ანთროპოლოგი ტექნოლოგიით, ესთეტიკით და ფილოსოფით იყო დაინტერესებული. მისი აზრით, თუ შესაძლებელი გახდებოდა ისტორიამდელი ადამიანის დისციპლინის, მისი ყოფის სრულფასოვანი გამოკვლევა, მაშინ ნათელი გახდებოდა სურათი თანამედროვე ადამიანის არსზეც და მის ამოუცნობ ბუნებაზე. "თუ გავიგებთ ვინ ვიყავით, გვეცოდინება ვინ ვართ, მაშასადამე ვინ ვიქნებით".
ანეტ ლამინგ-ემპერერი
(1917 – 1977)
ანეტ ლამინგ-ემპერერი, არქეოლოგი, რომლის მრავალწლიანი კვლევის შედეგად შემუშავდა მეთოდი - სტრუქტურული ანალიზი, რაც გულისხმობს ინვენტარის და დიაგრამების შედგენით იმაზე დაკვირვებას, თუ როგორ არის სახეობები დაჯგუფებული გამოქვაბულის კედლებზე, მათი სქესი, სიხშირე და პოზიცია, ასევე მათი ურთიერთ კავშირი იმ ნიშნებთან და ხელის ანაბეჭდებთან, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ერთმანეთთან ახლოს.
ნაშთების სტრუქტურული კვლევის ჩანაწერი
3
sanadiro magia
ფრანგი მღვდელი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ეთნოლოგი და გეოლოგი - ენრი ბროი, რომელიც 61 წლის განმავლობაში სწავლობდა გამოქვაბულის მოხატულობებს, თვლიდა, რომ ამ ნახატების ავტორების მთავარი მოტივი წარმატებული ნადირობა იყო. ნადირობის დროს, პირველყოფილი ადამიანები ცხოველების ყურადღების მისაქცევად თავზე სპეციალურ, ცხოველების ფორმის ნიღბებს იკეთებდნენ. ამიტომაც კედლის გამოსახულებებზე ზოგიერთ ადამიანს ცხოველის თავი აქვს. ეს ნახატები კი იქმნებოდა რიტუალებისთვის, რომლის დროსაც გამოხატული სიმბოლური მოქმედებები, მაგალითად ცხოველის მოკვლის ინსცენირება, მათი აზრით, ნამდვილი ნადირობისას რეალობად იქცეოდა. ამიტომაც ცხოველების გამოსახულებები განსაკუთრებული სიზუსტით არის გამოხატული და ნადირობის სცენებსაც დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ. გამოქვაბულის კედლების ნახატებზე ქვების და ჯოხების გუნდურად სროლის კვალია აღბეჭდილი. ამავე მეთოდით ცდილობდნენ ნახირის გამრავლებას. ცხოველების მრავალრიცხოვანი გამოსახულებები სწორედ ამაზე მიუთითებს.
ენრი ბროი თვლიდა, რომ ეს არის თვითგადარჩენისთვის შექმნილი ნამუშევრები, რომელშიც უმნიშვნელოვანესი როლი მაგიას უნდა ეთამაშა.
ფაქტობრივად მისი კვლევის შედეგის მიხედვით, ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებს სწამდათ, რომ "ჩვენ ვხდებით ის, რასაც ვფიქრობთ".
მამა ენრი ბროი (1877 -1961)
What we think, we become.
4
totemizmi
ეს არის რწმენა, რომელიც ამტკიცებს ადამიანების მისტიურ კავშირს ტოტემთან, ანუ ისეთ სულიერ არსებებთან, როგორიცაა რომელიმე ცხოველი, ან მცენარე. ეს რწმენა ხშირია ისეთ საზოგადოებაში, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნადირობა, შემგროვებლობა, მიწათმოქმედება და დღემდე გავრცელებულია აბორიგენებში, აფრიკულ ტომებში, სამხრეთ ამერიკაში, ინდონეზიაში და ა.შ. ეს ტომები იყოფიან ჯგუფებად და ამყარებენ კავშირს რომელიმე ცხოველთან, ან მცენარე-სთან. ტოტემის სიმბოლური ცხოველის ჭამა აკრძალულია სპეციელური რიტუალების გარდა. ამ რწმენის მქონე ადამიანებს აქვთ მკაცრი აკრძალვები - ტაბუ, რომლის დარღვევა არ შეიძლება. ხშირად ტაბუ ეხება საკვების მიღებას, ან სქესობრივი კავშირის დამყარებას ერთი ჯგუფის წევრებს შორის, რომლებიც და-ძმებად ითვლებიან. ითვლება, რომ თუ წესი დაირღვევა, ამას რაიმე ცუდი ამბავი მოჰყვება. ტაბუს მთავარი ფუნქცია ჯგუფის წევრებზე კონტროლის დამყარება იყო.
ტოტემიზმის მიმდევართა სახლების წინ ხის ბოძებს დგამენ, რომელზეც გამოსახულია ტოტემი - მათი მფარველი სულიერი ცხოველი, ან მცენარე და მთელი საგვარეულოს ისტორია.
კლოდ ლევი-სტროსი
(1908 - 2009წ.)
კლოდ ლევი-სტროსი, ფრანგი ანთროპოლოგი, რომლის ნამუშევარი საკვანძო იყო სტრუქტურალიზმისა და სტრუქტურული ანთროპოლოგიის თეორიების განვითარებაში, თვლიდა, რომ ტოტემისტურისა და სხვა კულტურების იდეებს შორის არსებობს მსგავსება. მან ასევე დაასკვნა, რომ ადამიანისა და ცხოველის კლასებს შორის განსხვავება ემსახურება სოციალური განსხვავებების კონცეპტუალურ საფუძველს.
5
Samanizmi
ჯეიმს დევიდ ლუის-უილიამსს, არქეოლოგს, კლდის მხატვრობის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს, გამოქვაბულის ხელოვნების მამა უწოდეს. მან ანალიზის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით მთლიანობაში 4000 სურათის ჩანაწერი გააკეთა. სწორედ ეს კლდეზე გამოხატული სიმბოლური მნიშვნელობები დაედო საფუძვლად კლდის ხელოვნების კვლევებს გლობალურად.
ჯეიმს დევიდ ლუის უილიამსი
(1934 წ.)
შამანიზმი რელიგიის უძველესი ფორმაა, როდესაც მორწმუნეებს სწამთ ექსტაზში შესული შამანის და მასში ჩასახლებული სულის ურთიერთობის. დევიდ ლუის-უილიამსის განმარტებით ეს სიკვდილის მეტაფორაა. ითვლება, რომ შამანურ სამყაროს აქვს დონეებით განსაზღვრული საფეხურები, რომლებშიც სულები არიან დასახლებული. ადამიანებით დასახლებულ სამყაროს სხვა სფეროები მის ზემოთ, ან მის ქვემოთ ემატება. მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში, შამანი კი ითვლება ადამიანად, რომელსაც შეუძლია ამ სამყაროებს შორის შუამავლობა. პროფესორი უილიამსი თვლიდა, რომ ყველაფერი რაც გამოსახული იყო ამ კედლებზე, წარმოადგენდა სულიერ სამყაროს.
შამანური რელიგიის მიხედვით არსებობს ორი თავისებურება:
-
პირველი - რთული კოსმოსის არსებობის კონცეფციაა, რომელშიც, როგორც აღინიშნა, ორი სამყაროა (ან მეტი) და ეს სამყაროები ერთმანეთს ესაზღვრება ჰორიზონტალური, ან ვერტიკალური განლაგებით. ეს სამყაროები ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე და ჩვენს სამყაროში მოვლენების უმეტესობა მეორე სამყაროს გავლენით არის განპირობებული.
-
მეორე რწმენაა იმისა, რომ გარკვეულ ინდივიდებს - შამანებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ სხვა სამყაროს და ამისი მთავარი მიზანი არის ავადმყოფის განკურნება, დაკარგული სულის აღდგენა, კარგი ნადირობა, მომავლის წინასწარმეტყველება და სხვა სამყაროს ძალებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება.
მათი ინტერპრეტაციით, კონტაქტი ხდება ორი გზით:
-
სულიერი არსება - "სულის დამხმარე" ცხოველის სახით, მოდის შამანთან და ბინადრობს მასში.
-
შამანი გზავნის თავის სულს, რომ შეხვდეს სულებს და მოიპოვოს დახმარება.
ტრანსის, ანუ "სამკურნალო ცეკვის" დროს ცოცხლდება შამანის ზებუნებრივი ძალა და ბოლოს ის აღწევს მსხვრევის წერტილს, როცა ის "კვდება". ამ დროს მისი სული სხეულიდან გადის, როგორც გარდაცვალებისას.
კედლებზე აღწერილია ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, ცხვირიდან სისხლდენა, ხელების უკან დაჭერის პოზა. ეს ელემენტები მსგავსია სხვა, უფრო ახალი ტრადიციების, რომელშიც ასევე ცეკვა ფიგურირებს. გამოსახული ცხოველები, რომლებიც თითქოს ცურავენ კედლებზე, მოწყვეტილნი არიან რეალობას, სცილდებიან რეალისტურ ჩარჩოებს. გეომეტრიული ნიშნები დაკავშირებულია ტრანსის სხვადასხვა სტადიებთან. გამოგონილი არსებები და მონსტრები ცხოველების ატრიბუტებით ხილვების სამყაროდანაა, თუმცა ნახატები, რათქმაუნდა, ტრანსის შემდგომ არის შექმნილი. საბოლოო დასკვნით, გამოქვაბულის ნახატების შინაარსი უფრო ღრმა არის, ვიდრე მათი გამოსახულება.
პროფესორ უილიამსმა გამოიკვლია შამანის ეკონომიკური პოზიცია საზოგადოებაში, მათი რიტუალური როლი სოციალური სტრუქტურისა და კლდის ხელოვნების კონტექსტში. მის კვლევაში ჩანს, თუ როგორ მანიპულირებდნენ ინდივიდები სოციალური სიმბოლოებით პირადი ძალაუფლების შექმნისა და მისი გაძლიერებისთვის, გამყარებისთვის, კონსოლიდაციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გამყინვარების პერიოდში, პირველყოფილი ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ ცეცხლით სივრცის გათბობა, არსებობს კვალი, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი გამოქვაბულის სიღრმეში, შედიოდნენ სპეციალურად მისტიური განწყობის შესაქმნელად და სწორედ იქ, ბნელ, მოწყვეტილ გარემოში, ცდილობდნენ კავშირის დამყარებას პარალელურ სამყაროებთან.
კდლეების გამოსახულებების ავტორებს სწამდათ, რომ გამოქვაბულის კედლების მეშვეობით სულებთან შეხება იყო შესაძლებელი. მათ უნდოდათ პირდაპირი კონტაქტის დამყარება გამოქვაბულის კედლებში არსებულ სულების სამყაროსთან. შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ხელების შაბლონურმა გამოსახულებებმა, რომლის კვალი დღემდე შემორჩენილია დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ამის საშუალება მისცეს. ხელების დადებისას კედლებზე, როგორც ორი სამყაროს შორის აღმართულ საზღვარზე, სისხლისფერი საღებავის მიხეთქებით შეხების კვალი რჩებოდა. ეს იყო ასობით ათასი წლის წინანდელი ადამიანის ზებუნებრივ ძალებთან პირველი ზიარება.