ციკლი


ცუდად ვექცევი ჩემს სხეულს.
უცხოტომელივით შევსახლდი და დახარბებული ველურივით ვმართავ როგორც მინდა.
დღეს ღამით შევალ იმ ფაზაში, როცა ის უცნაურად უსარგებლოდ მომეჩვენება. დავიწყებ მიზეზების ძებნას გეგმიური იმედგაცრუების დასაბრალებლად და ვიპოვი. ჯერ მახინჯს დავუძახებ, გამოუსადეგარს ძირითადი დანიშნულებისთვის. მერე ამოვულაგებ ათას მტკიცებულებას, რომ უვარგისია და არ დამეზარება სიღრმემდე ქექვა. გამოსავალს არ დავუტოვებ თავის დასაცავად. ის დაიჯერებს, ვიცი. შეეცდება გააგრძელოს დღეები, როგორც მანამდე, ბორძიკ-ბორძიკით იპოვის საქმეს, სკამზე გადაფენილ შარვალს ხელებით მიაგნებს და ამოიცვამს, თმას გადაიკრავს სარკეში ჩაუხედავად, ჩართავს მუსიკას, რომ გადაფაროს ჩემი ხმა და თავს მოიკატუნებს, ვითომ არ ესმის, არ ახსოვს, ვითომ გაიარა, გადაუარა… ყოველი ფიქრის ბოლოს შევახსენებ, წამოვაძახებ, რომ საშინლად არ გაუმართლა და ამ აბსურდულ უიღბლობაში მხოლოდ თვითონაა დამნაშავე. დაე დაისაჯოს. დაე ჩაესოს ყველა გაგონილი სიტყვა. დაე ახსოვდეს ყველა სისულელე და ტკიოდეს. ჩემი გაჩუმება შეუძლებელია…
მაგრამ ზუსტად ამ გიჟურ კივილში ესმის სიმართლე. სიმართლე, რომელიც ამწიფებს, სიმართლე, რომელიც ფარდის უკან ემალება და ჰორიზონტივით გაურბის. აქ ჩანს სურათი, რომელსაც ყველა ნაწილი აკლია სხვა დროს. აქ ხვდება, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და იმასაც, რაც აღარ უნდა იყოს. ამ გაუსაძლის სიტყვებში, რომელთა დასახშობად ყურებზე ხელებაფარებული იმალება ვერ პოულობს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ მოისმინოს, დაინახოს და იაროს, ხედავს ვინ იყო იმ ცხოვრებამდე, სანამ გადაწყვეტდა ყველასთვის რაღაც გესწავლებინა.
ამ ხმების გაძლება უწვეთებს ცოტაოდენ სიბრძნეს, როგორც სირენების სიმღერა. ამიტომ ბოლო დღეს, როცა კარის ზღურბლთან მობრუნდება და ყველაფერს კიდევ ერთხელ მოავლებს თვალს, გაიღიმებს და კარს მზისკენ გაიჯახუნებს.
რაღაცას აუცილებლად მიხვდება.
საშინლად ვექცევი ჩემს სხეულს. უცხოტომელივით შევსახლდი და უნახავი ველურივით ვმართავ როგორც მინდა. დღეს ღამით შევალ იმ ფაზაში, როცა ის უცნაურად უსარგებლოდ მომეჩვენება. დავიწყებ მიზეზების ძებნას და ვიპოვი. ჯერ მახინჯს დავუძახებ, გამოუსადეგარს ძირითადი დანიშნულებისთვის. მერე ამოვულაგებ ათას მტკიცებულებას, რომ უვარგისია და არ დამეზარება სიღრმემდე ქექვა. გამოსავალს არ დავუტოვებ თავის დასაცავად. ის დაიჯერებს, ვიცი. შეეცდება გააგრძელოს დღეები, როგორც მანამდე, ბორძიკ-ბორძიკით იპოვის საქმეს, სკამზე გადაფენილ შარვალს მიაგნებს ხელებით და ამოიცვამს, თმას გადაიკრავს სარკეში ჩაუხედავად, ჩართავს მუსიკას, რომ გადაფაროს ჩემი ხმა და თავს მოიკატუნებს, ვითომ არ ესმის, არ ახსოვს, ვითომ გაიარა, გადაუარა… ყოველი ფიქრის ბოლოს შევახსენებ, წამოვაძახებ, რომ საშინლად არ გაუმართლა და ამ აბსურდულ უიღბლობაში მხოლოდ თვითონაა დამნაშავე. დაე დაისაჯოს. დაე ჩაესოს ყველა გაგონილი სიტყვა. დაე ახსოვდეს ყველა სისულელე და ტკიოდეს. ჩემი გაჩუმება შეუძლებელია… მაგრამ ზუსტად ამ გიჟურ კივილში ესმის სიმართლე. სიმართლე, რომელიც ზრდის, ამწიფებს, სიმართლე, რომელიც ფარდის უკან ემალება და ჰორიზონტივით გაურბის. აქ ჩანს სურათი, რომელსაც ყველა ნაწილი აკლია სხვა დროს. აქ ხვდება, რატომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს და იმასაც რაც აღარ უნდა იყოს. ამ გაუსაძლის სიტყვებში, რომელთა დასახშობად ყურებზე ხელებაფარებული იმალება ვერ პოულობს გამოსავალს, გარდა იმისა, რომ მოისმინოს, დაინახოს და იაროს, ხედავს ვინ არის, ვინ იყო იმ ცხოვრებამდე, სანამ გადაწყვეტდა ყველასთვის რაღაც გესწავლებინა. ამ ხმების გაძლება უწვეთებს ცოტაოდენ სიბრძნეს, როგორც სირენების სიმღერა. ამიტომ ბოლო დღეს, როცა კარის ზღურბლთან მობრუნდება და ყველაფერს კიდევ ერთხელ მოავლებს თვალს, გაიღიმებს და კარს მზისკენ გაიჯახუნებს. რაღაცას აუცილებლად მიხვდება.




